Thursday, April 19, 2012

150 წლის თეატრი

 150 წელი! ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ბევრია, ისტორიისთვის კი, ალბათ, ძალიან ცოტა... სწორედ ამდენი დრო გავიდა ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან. 1850 წელს თბილისში დაწყებულ კულტურულ განვითარებას არც ჩვენი ქალაქი ჩამორჩა და თეატრალურმა წარმოდგენებმა მალე ქუთაისშიც დაწყო ადამიანთა ყურადღების მიპყრობა. პროფესიული თეატრი აქ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაფუძნდა, რისი ნიადაგიც სცენისმოყვარეთა (აკაკი წერეთლის, ეფრო კლდიაშვილის, ანტონ ლორთქიფანიძის, კოტე მესხის, ვალერიან გუნიას, ლადო მესხიშვილის, შალვა დადიანის) სპექტაკლების მეშვეობით, 1861 წლიდან მზადდებოდა. ქუთაისის თეატრის ისტორიის უბრწყინვალეს პერიოდადაა აღიარებული ის წლები, როცა მას სათავეში ლადო მესხიშვილი ედგა. იგი პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებულ სპექტაკლებს დგამდა, ამ დროს რეპერტუარში შედიოდა საუკეთესო ქართული, რუსული და დასავლეთ ევროპის დრამატული ნაწარმოებები. ქუთაისის თეატრში მუდამ აუარებელი ხალხი ყოფილა, თურმე... მაყურებელი შესჩვევია თეატრში სიმართლის დანახვასა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. ამის გამო ლადო მესხიშვილის პოლიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფის რუსეთს და თეატრისთვის ცეცხლიც გაუჩენიათ. 1921-28 წლებში ქუთაისურ სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ და დასს ხელმძღვანელობდნენ: შალვა დადიანი, სანდრო ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, შოთა მანაგაძე, ნიკო გოძიაშვილი და მიხეილ ქორელი. ამ პერიოდშიც თეატრის რეპერტუარი მკაცრ ცენზურას განიცდიდა მთავრობის მხრიდან და ეს იყო ხანა იდეურ-მხატვრული ღირებულებების გადაფასებისა. 1928-30 წლებში კი ქუთაისში მოღვაწეობას იწყებს დიდი კოტე მარჯანიშვილი, იგი თეატრს ორი სეზონის განმავლობაში უძღვებოდა. ამ პერიოდში ქუთაისის სცენაზე თამაშობდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია და სხვა ვარსკვლავები. კოტე მარჯანიშვილის შემდეგ თეატრს ბევრი ცნობილი და ნიჭიერი ხელმძღვანელი ჰყავდა, ბევრმა გამორჩეულმა და საქვეყნოდ ცნობილმა მსახიობმა აიდგა ფეხი ამ სცენაზე და ტრადიციების შენარჩუნებას ახლა უკვე მათი ნაკვალევის გამგრძელებლები ცდილობენ. 1940 წელს თეატრს მიენიჭა ლადო მესხიშვილის სახელი, 1955 წელს კი თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი გადავიდა არქიტექტორების შ. თავაძისა და მ. შავიშვილის პროექტით ნაგებ შენობაში. ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2000 წელს მისთვის აკადემიური სტატუსის მინიჭება, 2007 წელს კი - „მცირე სცენის" გახსნა. 2007 წლიდან თეატრის მმართველია გიორგი სიხარულიძე, რომლის ხელმძღვანელობით დაიდგა ბევრი ახალი სპექტაკლი და სასიამოვნო ცვლილებებს ამ კუთხით კვლავ უნდა ველოდოთ. როგორც ამბობენ, თუ სცენის მტვერი ერთხელ ჩაისუნთქე, შემდეგ მის გარეშე ცხოვრება გიძნელდებაო. იმ მსახიობებმა, რომლებმაც ქუთაისელ მაყურებელს თავი დაამახსოვრეს მათ მიერ შექმნილი სცენური სახეებით, ამ მტვრის გემო უკვე გაიგეს და „უთეატრობის ალერგიითაც დასნებოვნდნენ." რა თქმა უნდა, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის წევრები განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ მშობლიური სცენის იუბილეს, ქუთაისსა და სრულიად საქართველოს თეატრალებს კი შემოქმედებით წინსვლასა და მაყურებელთა სიმრავლეს უსურვებენ.

No comments:

Post a Comment